ავსტრიის რესპუბლიკაში გასამგზავრებლად, საზღვარზე უნდა წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:

 

ტურისტულად გამგზავრების შემთხვევაში:

  • მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი - პასპორტის მოქმედების ვადა მინიმუმ 3 თვით უნდა აღემატებოდეს თქვენ მიერ დაგეგმილ მოგზაურობას;
  • დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი;
  • სასტუმროს ან სხვა საცხოვრებელი ადგილის მოქმედი ჯავშანი;
  • სამოგზაურო დაზღვევა;
  • დღიური მინიმალური თანხა: ავსტრიაში არ არის განსაზღვრული დღიური მინიმალური თანხა. წარმოდგენილი თანხა დაახლოებით მაინც უნდა შეესაბამებოდეს დაგეგმილი მოგზაურობის პერიოდს.

მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება შესაძლებელია თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფულით, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათით, დაფინანსების შესახებ ცნობით ან მასპინძლის საგარანტიო წერილით.

 

ნათესავების, მეგობრების ან ახლობლების მონახულების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად დამატებით უნდა იქონიოთ:

  • მოწვევის წერილი:  ავსტრიაში გასამგზავრებლად კერძო მოწვევის წერილი არ არის აუცილებელი, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად თუ პირს არ გააჩნია სასტუმროს ჯავშანი და კერძო ადგილსამყოფელი, სადაც საკვების და საცხოვრებელის თანხა არ უნდა გადაიხადოს, რჩევაა/სასურველია არაფორმალური მოწვევის თან ქონა, რომლის ნოტარიულად დამოწმება საჭირო არ არის.

მოწვევა შეიძლება იყოს ელ. ფოსტაზე მიღებული შეტყობინება, სადაც მომწვევი პირი დაადასტურებს მოსაწვევი პირის საცხოვრებელი ადგილითა და ფინანსური სახსრებით უზრუნველყოფას.

ამ შემთხვევაში, უნდა იყოს მითითებული მომწვევი პირის ტელეფონის ნომერი და ზუსტი მისამართი.

 

კონფერენციებში, სემინარებში, საქმიან შეხვედრებში მონაწილოების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში, ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად დამატებით უნდა იქონიოთ:

  • ღონისძიების/კონფერენციის, სემინარის მოწვევა/პროგრამა, რომელშიც მონაწილეობთ;

 

სამედიცინო სერვისებით სარგებლობის, მოკლევადიანი სამკურნალო კურსის/ოპერაციის მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად დამატებით უნდა იქონიოთ:

  • იმ სამედიცინო დაწესებულების თანხმობა, რომელშიც გეგმავთ მკურნალობას ან/და საქართველოს სამედიცინო დაწესებულების რეკომენდაცია, ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა ევროკავშირის წევრ-ქვეყანაში;.
  • სამედიცინო დაზღვევა მგზავრობის მთელი პერიოდისთვის;
  • მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება ნაღდი ფულით, მოქმედი ელექტრონული ბარათით ან გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით.