დასაბრუნებელი მოწმობა
საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა წარმოადგენს უცხოეთიდან საქართველოში დასაბრუნებელ დროებით სამგზავრო დოკუმენტს.
საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა ხდება მოქმედების ვადაგასული ან დაკარგული, ან სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისათვის (მგზავრობისთვის) უვარგისი (გაცვეთა, დაზიანება) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პასპორტი და სხვ.) სანაცვლოდ, ან მისი არარსებობის შემთხვევაში, საქართველოში დაბრუნების მიზნით.
საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა გაიცემა განაცხადის წარდგენიდან 15 დღის ვადაში.
მომსახურება შეიძლება გაეწიოს საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის, პირებს, რომელთაც უდგინდებათ საქართველოს მოქალაქეობა, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებს, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელებს, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელ პირებს.
დაინტერესებული პირის მიერ საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის მიღებაზე მოთხოვნა შესაძლებელია გაკეთდეს, როგორც საკონსულო სამსახურში პირადი გამოცხადებისას, ასევე საფოსტო გზავნილის მეშვეობით.
წარსადგენი დოკუმენტები
- ანკეტა;
- ნებისმიერი სახის მტკიცებულება, რომ განმცხადებელი არის საქართველოს მოქალაქე, ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელი, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირი;
- არასრულწლოვან პირზე - ერთ-ერთი მშობლის თანხმობა;
- არასრულწლოვან, ან ქმედუუნარო პირზე - კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- წარმომადგენლის მეშვეობით დასაბრუნებელი მოწმობის მოთხოვნის შემთხვევაში, დამატებით წარმოსადგენი იქნება რწმუნებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და მინდობილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ცნობისათვის: სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული ნებისმიერი დოკუმენტი დამოწმებულ უნდა იყოს შესაბამისი წესით - აპოსტილის ბეჭდით, ან ლეგალიზებული. პროცედურა დამოკიდებულია უცხო ქვეყანაზე. გთხოვთ, იხილოთ შესაბამისი ცხრილი.
განსაკუთრებული წესი მოქმედებს უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების მიმართ. ამ შემთხვევაში დამოწმების შემდგომ უნდა მოხდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მხრიდან ამ გადაწყვეტილების ცნობა.
ცნობისათვის: სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული ნებისმიერი დოკუმენტი წარდგენილ შეიძლება იყოს ქართულ, ინგლისურ ან ადგილსამყოფელი ქვეყნის ენაზე. იმ შემთხვევაში, თუ თარგმანი განხორციელებულია უცხო ქვეყნის ორგანოების მიერ, თარგმანის მიმართაც გამოიყენება ზემოთხსენებული დამოწმების პროცედურები.
განსაკუთრებულ შემთხვევაში (ადგილსამყოფელ ქვეყანაში საომარი ვითარების, სტიქიური და ტექნოგენური ხასიათის უბედურების შედეგად წარმოქმნილი სიტუაცია, როდესაც საფრთხე ექმნება ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, აქვს განგრძობადი ხასიათი და შეუძლებელია განისაზღვროს მისი გავრცელების მასშტაბი და დასრულების დრო) დასაბრუნებელი მოწმობა გაიცემა: საქართველოს მოქალაქის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირის ოჯახის წევრებზე.
მომსახურების გაწევაზე უარი შეიძლება ითქვას, თუ:
- მომსახურების მიმღები პირის მუდმივი, ან დროებითი საცხოვრებელი ადგილი არ არის საკონსულოს სამოქმედო არეალი;
- მოთხოვნა არ არის გაკეთებული მომსახურების მიღების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ;
- არ იქნა წარმოდგენილი მომსახურების მიღებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები;
- ვერ ხდება მომსახურების მიმღები პირის იდენტიფიცირება;
მომსახურების საკონსულო მოსაკრებელია 35 აშშ დოლარი, ან მისი ექვივალენტი ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტაში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ანგარიშზე თანხა უნდა ჩაირიცხოს სრულად, წინააღმდეგ შემთხვევაში მომსახურების გაწევა შეუძლებელი იქნება.
ქვემოთ მოცემული შეღავათით ისარგებლებენ შემდეგი კატეგორიის პირები:
50 % თავისუფლდება
- მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
- იძულებით გადაადგილებულ პირებად – დევნილებად ცნობილნი;
- ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები
100 % თავისუფლდება
- 18-წლამდე პირები;
- მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები;
- პირები, ადგილსამყოფელ ქვეყანაში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი საგანგებო სიტუაციების დროს;
- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები;
- პირები, რეპატრიაციის საკითხებთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულებისას;
ცნობისათვის: ზემოაღნიშნული გარემოებები დადასტურებულ უნდა იქნეს დოკუმენტურად.