ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის პასპორტი

 

პასპორტი არის პირადობისა და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი. პასპორტი საქართველოს კუთვნილებაა და გაიცემა ნებისმიერი ასაკის საქართველოს მოქალაქეებზე მათი საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილების და საქართველოში შემოსვლის მიზნით.

ბიომეტრული მონაცემების შემცველი პასპორტის მისაღებად თქვენ უნდა მობრძანდეთ საკონსულო სამსახურში, რათა ჩვენ შევძლოთ თქვენი ბიომეტრული მონაცემების (ფოტოსურათი, თითის ანაბეჭდები და ხელმოწერა) აღება. ბიომეტრიული მონაცემების წარმოდგენა არ არის საჭირო, თუ თქვენ მანამდე უკვე აღებული გაქვთ ბიომეტრული მონაცემების შემცველობის საქართველოს მოქალაქის პასპორტი და ტექნიკურად შესაძლებელია ამ მონაცემების ხელმეორედ გამოყენება. ამ შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ მომსახურება მიიღოთ ფოსტის მეშვეობით.

9 წლამდე ასაკის ბავშვების საკონსულო სამსახურში მიყვანა არ არის სავალდებულო. მათ უფლებებს წარმოადგენენ მათი კანონიერი წარმომადგენლები (მშობელი, მეურვე ან მზრუნველი).

მომსახურების გაწევა განხორციელდება საკონსულო სამსახურში განაცხადის წარდგენიდან 45 დღის ვადაში.

18 წელს მიღწეულ პირების ბიომეტრული შემცველობის პასპორტი გაიცემა 10 წლის ვადით.

18 წლამდე ასაკის პირებზე - 3 წლის მოქმედების ვადით.

 

შესაბამისი დასაბუთების არსებობის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ მეორე ბიომეტრული მონაცემების შემცველი პასპორტი. ამ შემთხვევაში, მისი მოქმედების ვადა იქნება 1 წელი. ამ შემთხვევაში მომსახურების საფასური იქნება  50 აშშ დოლარი, ან მისი ექვივალენტი ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტაში.

 

პასპორტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობის აღძვრის უფლება, როგორც წესი, აქვს  სრულწლოვან და ქმედუნარიან საქართველოს მოქალაქეს. შესაბამისად, არასრულწლოვანს, როგორც წესი, წარმოადგენს მისი კანონიერი წარმომადგენელი.

 

წარსადგენი დოკუმენტები:

  • არასრულწლოვანის პასპორტის შემთხვევაში - მისი  დაბადების მოწმობა;
  • სრულწლოვანის პირველადი პასპორტის შემთხვევაში - საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტები და დაბადების მოწმობა (ან სსრკ-ს პასპორტი);
  • იმ შემთხვევაში, თუ თქვენ შეიცვალეთ პერსონალური მონაცემები და ახალ მონაცემზე გსურთ პასპორტის აღება -  ცვლილების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • 16 წლამდე არასრულწლოვანებზე საჭიროა ორივე მშობლის თანხმობა (თანხმობა შეიძლება გამოხატული იქნას  უშუალოდ საკონსულო სამსახურში, ან შედგენილი იქნას სანოტარო წესით );

 

ერთი მშობლის თანხმობა, როგორც წესი, საკმარისია, თუ:

ა) მეორე მშობელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;

ბ) მეორე მშობელი გარდაცვლილი, ქმედუუნარო ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია;

გ) მეორე მშობლის მძიმე ავადმყოფობის გამო შეუძლებელია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით;

დ) არასრულწლოვანი არის 16 წელს მიღწეული;

ე) არასრულწლოვანი პირი მარტოხელა დედის შვილია;

 

წარმომადგენლის მეშვეობით განაცხადის განხილვის დროს დამატებით წარმოსადგენი იქნება რწმუნებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და მინდობილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

ცნობისათვის: სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული ნებისმიერი დოკუმენტი დამოწმებულ უნდა იყოს შესაბამისი წესით  - აპოსტილის ბეჭდით ან ლეგალიზებული. პროცედურა დამოკიდებულია უცხო ქვეყანაზე. გთხოვთ, იხილოთ შესაბამისი ცხრილი.

 

განსაკუთრებული წესი მოქმედებს უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების მიმართ. ამ შემთხვევაში, დამოწმების შემდგომ უნდა მოხდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მხრიდან ამ გადაწყვეტილების ცნობა.

 

განსაკუთრებული წესი მოქმედებს ასევე, ნოტარიულად გაფორმებული თანხმობების მიმართ. ხსენებულ დოკუმენტებს არ ესაჭიროება დამოწმების პროცედურები.

 

ცნობისათვის: სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული ნებისმიერი დოკუმენტი წარდგენილი შეიძლება იყოს ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენებზე. იმ შემთხვევაში, თუ თარგმანი განხორციელებულია უცხო ქვეყნის ორგანოების მიერ, თარგმანის მიმართაც გამოიყენება ზემოთხსენებული დამოწმების პროცედურები.

 

მომსახურების გაწევაზე უარი შეიძლება ითქვას, თუ:

  • მომსახურების მიმღები პირის მუდმივი ან დროებითი საცხოვრებელი ადგილი არ არის საკონსულოს სამოქმედო არეალი;
  • მოთხოვნა არ არის გაკეთებული მომსახურების მიღების  უფლებამოსილების მქონე პირის მიერ;
  • არ იქნა წარმოდგენილი მომსახურების მიღებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები;
  • წარმოდგენილი იქნა ყალბი და ძალადაკარგული დოკუმენტები;
  • მომსახურების მიმღები პირი იძებნება საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის (ინტერპოლის) მიერ;
  • შეუძლებელია პირის პირადობის დამადასტურებელი მონაცემების ან/და მოქალაქეობის დადგენა;
  • მოთხოვნაში დაფიქსირებული პერსონალური/ საიდენტიფიკაციო მონაცემები არ შეესაბამება პირის კანონიერ (ნამდვილ) მონაცემებს;
  • არ გსურთ პასპორტის მიღება კანონიერი მონაცემებით.

 

მომსახურების საფასურია 130 აშშ დოლარი, ან მისი ექვივალენტი ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტაში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ანგარიშზე თანხა უნდა ჩაირიცხოს სრულად, წინააღმდეგ შემთხვევაში მომსახურების გაწევა შეუძლებელი იქნება.

 

ქვემოთ მოცემული შეღავათით ისარგებლებენ შემდეგი კატეგორიის პირები:

100 % თავისუფლდება:

  • მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები;
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, თუ მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების ინიციატორი საქართველოს პრეზიდენტია;
  • საზღვარგარეთ სასჯელაღსრულების ან თავისუფლების აღკვეთის სხვა დაწესებულებაში, სადეპორტაციო დაწესებულებაში ან სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი პირები, რაც დასტურდება დოკუმენტურად;

50 % თავისუფლდება:

  • იძულებით გადაადგილებული პირები;
  • მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
  • 18 წლამდე ასაკის პირები;
  • ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები.

10 % თავისუფლდება:

  • სტუდენტები, რომლებზეც გაცემულია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა აღნიშვნით „სტუდენტი“ და უკონტაქტო მიკროსქემაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის შემცველობით.

ცნობისათვის: ზემოაღნიშნული გარემოებები დადასტურებულ უნდა იქნეს დოკუმენტურად.

 

2019 წლის 1 ნოემბრის ცვლილებების თანახმად, საქართველოს მოქალაქემ, პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამართალდაცავ უწყებას ან სხვა უფლებამოსილ ორგანოს და მიიღოს მათგან პასპორტის დაკარგვის (ან მოპარვის) შესახებ საჩივრის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა, რომელიც, კანონით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტებთან ერთად, უნდა წარადგინოს ახალი დოკუმენტის მისაღებად. საზღვარგარეთ აღებულ ამ ტიპის ცნობას ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება არ დასჭირდება.

სამართალდამცავი ან სხვა კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული განცხადებაში/ დოკუმენტში/ცნობაში უნდა იყოს მითითებული  დაკარგული (მოპარული) პასპორტის რეკვიზიტები, ანუ ცალსახად უნდა დგინდებოდეს რომელი პასპორტი დაკარგა პირმა.

ახალი პასპორტის ასაღებად პასპორტის დაკარგვის (ან მოპარვის) შესახებ საჩივრის ჩაბარების ცნობა, სხვა დოკუმენტებთან ერთად,  საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქემ უნდა წარადგინოს საქართველოს საელჩოში ან საკონსულოში, შესაბამისად შესაძლებელია ისარგებლებს სააგენტოს დისტანციური მომსახურებით.

მოქალაქის მიერ შესაბამისი საბუთების ჩაბარების შემდეგ, გაუქმდება დაკარგული (მოპარული) პასპორტი, მისი გაუქმების შესახებ პერსონალური მონაცემების სტანდარტის დაცვით ინფორმაცია მიეწოდბა ინტერპოლს და მოქალაქეზე გაიცემა ახალ პასპორტს.

ახალი რეგულაციები არ გავრცელდება 1-ლ ნოემბრამდე შეტანილ განცხადებებზე.

 

ტარიფის გამოთვლა                                          ელ. განაცხადის რეგისტრაცია (ვიზიტის დაგეგმვა)