ინფორმაცია საქართველოს ვიზის შესახებ
 
საქართველოში მომავალმა უცხოელმა რომელსაც ესაჭიროება ვიზა, ქვეყანაში შემოსვლამდე უნდა აიღოს იმ კატეგორიის ვიზა რომელიც ყველაზე კარგად შეესაბამება მისი საქართველოში მგზავრობის მიზანს. ღილაკი „მესაჭიროება თუ არა ვიზა“ არის მარტივი და სწრაფი გზა რათა უცხოელმა გამოავლინოს საქართველოში შემოსასვლელად ესაჭიროება თუ არა ვიზა.
 
 
 
საქართველოში უვიზოდ შემოსვლა
 
უცხოელს რომელსაც სურს საქართველოში შემოსვლა ზოგად შემთხვევაში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა, რომელიც გაიცემა სამგზავრო დოკუმენტში ვიზის ბლანკის დატანით ან ელექტრონულად (ელექტრონული ვიზა). თუმცა არსებობენ გარკვეული კატეგორიის უცხოელები რომლებიც შემოდიან, იმყოფებიან ან ტრანზიტით გადიან საქართველოს ტერიტორიაზე ვიზის გარეშე. საქართველოს სავიზო პოლიტიკა შედარებით ლიბერალურია რაც მსოფლიოს 98 ქვეყნის მოქალაქეებს აძლევს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ყოფნის შესაძლებლობას, იხილეთ ცხრილი №1. გარდა ამისა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა იმ ქვეყნების ჩამონათვალი (50 ქვეყანა) რომელთა ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების მქონე უცხოელებს შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შესაბამისი ვადითა და პირობებით, იხილეთ სავიზო ვალდებულებისგან განთავისუფლების სხვა გარემოებები.
 
ცხრილი №​1: იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 (ერთი) წლის  ვადით  ყოფნის უფლება (თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული)
 
ევროკავშირის წევრი 
სახელმწიფოები 
ბოსნია და ჰერცეგოვინა
ისლანდია
მონტენეგრო
სინგაპური
ავსტრალია
ბოტსვანა
ისრაელი 
ჰონდურასი
სომხეთი
აზერბაიჯანი
ბრაზილია
კანადა 
ნორვეგია
ტაილანდი
ალბანეთი
ბრუნეი-დარუსალამი
კატარი
ომანი
ტაჯიკეთი
ანდორა
მოლდოვა
კოლუმბია
პანამა
უზბეკეთი
ანტიგუა და ბარბუდა
იაპონია
კოსტა-რიკა
რუსეთი
უკრაინა
არგენტინა
დანიის
ტერიტორიები (1)
კორეის
რესპუბლიკა
საფრანგეთის ტერიტორიები (4)
ურუგვაი (90 დღე)
ახალი ზელანდია 
დომინიკი
ლიბანი
სან-მარინო
ქუვეითი 
ბარბადოსი
ეკვადორი
ლიხტენშტაინი
საუდის არაბეთი
ყაზახეთი
ბაჰამა
ელ-სალვადორი
მავრიკი
სამხრეთ აფრიკა
ყირგიზეთი
ბაჰრეინი
თურქეთი
მალაიზია
სერბეთი
შვეიცარია
ბელარუსი
თურქმენეთი
მექსიკა
სეიშელი
ჩილე (90/180 დღე)
ბელიზი
ირანი (45 დღე)
მონაკო
სენტ-ვინსენტი და გრენადინები
წმინდა საყდარი
ამერიკის
შეერთებული
შტატები
ბრიტანეთის
საზღვარგარეთის 
ტერიტორიები (2)
ბრიტანეთის
დამოკიდებული
ტერიტორიები (3)
არაბთა გაერთიანებული 
საამიროები
ნიდერლანდის სამეფოს
ტერიტორიები (5)
იორდანია                
 
საქართველოს სავიზო ვალდებულებისგან განთავისუფლების სხვა გარემოებები:
 
  • იმ უცხოელებს, რომლებსაც აქვთ საქართველოს მთავრობის №256 დადგენილებით განსაზღვრული რომელიმე ქვეყნის ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვა,  შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ყოფნა ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში, 90 კალენდარული დღის ვადით.
  • საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით უვიზოდ ყოფნის უფლება აქვთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან მისი სპეციალიზებული სააგენტოების მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტის - ლესე-პასეს (Laissez-Passer) მფლობელ უცხოელებს, მიუხედავად მოქალაქეობისა.
  • *ჩინეთის, *ეგვიპტის, *გაიანას, *ინდონეზიის, *ინდოეთის, *შრი ლანკას და *პერუს მოქალაქეებს რომლებიც ფლობენ ამავე ქვეყნის მიერ გაცემულ დიპლომატიურ ან ოფიციალური/სამსახურებრივ მოქმედ პასპორტს შეუძლიათ შემოვიდნენ და იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე ვიზის გარეშე (განსაზღვრული ვადით).
  • უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს, თუ ის არის იმ სახელმწიფოს მოქალაქე, რომლის მოქალაქეებსაც საქართველოში შემოსასვლელად ესაჭიროებათ ვიზა, შეუძლია საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ყოფნა არაუმეტეს 30 დღის ვადით;
  • საქართველოში ბინადრობის ნებართვის, საქართველოში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს დროებითი ბინადრობის მოწმობის მქონე უცხოელებს შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ყოფნა აღნიშნული დოკუმენტების მოქმედების მთელი პერიოდის მანძილზე.
  • საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ საერთაშორისო ავიახაზების, სარკინიგზო ან საზღვაო ტრანსპორტის ეკიპაჟის წევრებსა და მგზავრებს შუალედური გადაჯდომით, თუ მგზავრებს აქვთ დანიშნულების ქვეყანაში შესვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და საქართველოში მათი ყოფნის ვადა არ აღემატება 10 დღეს.
 
საქართველოს ვიზის კატეგორიები
 
სავიზო განაცხადის წარდგენის პროცესში განმცხადებელმა უნდა აირჩიოს საქართველოში მოგზაურობის სწორი მიზანი, გადაწყვეტილება უნდა მიღებულ იქნეს თვითონ განმცხადებლის მიერ სასურველი ვიზის კატეგორიის ( ბინადრობის სტატუსის) მიხედვით. ვიზის კატეგორიები განსზაღვრულია საქართველოს საიმიგრაციო კანონით და განსხვავდება ქვეყანაში მგზავრობის მიზნის მიხედვით. საქართველოს ვიზა იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
  1. დიპლომატიური (A კატეგორია)
  2. სპეციალური (B კატეგორია)
  3. ორდინალური (C კატეგორია)
  4. საიმიგრაციო (D კატეგორია)
  5. ტრანზიტული (T კატეგორია)
ვიზა არის მოკლევადიანი და გრძელვადიანი, ერთჯერადი ან მრავალჯერადი შემოსვლის უფლებით. მოკლევადიანი ვიზა გაიცემა საქართველოში ერთჯერადი ან მრავალჯერადი შემოსვლის უფლებით, ხოლო გრძელვადიანი – მხოლოდ მრავალჯერადი შემოსვლის უფლებით. ერთჯერადი მოკლევადიანი ვიზა გაიცემა უცხოელის მიერ სავიზო განაცხადში მითითებული დღეების რაოდენობის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს 30 კალენდარული დღის ვადით. მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა გაიცემა არა უმეტეს 5 წლის მოქმედების ვადით. ამასთან, უცხოელის საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საერთო ვადა ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს.
მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა გაიცემა იმ უცხოელზე, რომელიც წინა წლის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთხელ მაინც იმყოფებოდა საქართველოში და არსებობს მის მიერ მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზის მოთხოვნის საფუძველი. წინა წლის განმავლობაში საქართველოში ყოფნის პირობის დაცვა არ მოითხოვება დიპლომატიური და სპეციალური ვიზების, ასევე e-VISA PORTAL-ის მეშვეობით წარდგენილი სავიზო განაცხადის საფუძველზე მრავალჯერადი მოკლევადიანი ელექტრონული ვიზის გაცემის მიზნებისთვის.

 

ვიზის მისაღებად გასავლელი პროცედურები
 
უცხოელი რომელიც საქართველოში შემოსასვლელად სავიზო მოთხოვნებისგან არ თავისუფლდება ვალდებულია ქვეყანაში შემოსვლამდე აიღოს შესაბამისი კატეგორიის ვიზა. საქართველოს ვიზის მიღება შეიძლება, როგორც ”ელექტრონული განაცხადის რეგისტრაციის” მეშვეობით ასევე ”ელექტრონული ვიზის პორტალის” მეშვეობით, რაც ვარირებს ვიზიტის მიზნიდან გამოდინარე. სავიზო განაცხადის შევსებისას დოკუმენტების წარდგენა ხდება ვიზის კატეგორიის (ბინადრობის სტატუსის) შესაბამისად.
 
ელექტრონული ვიზის პორტალი უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს ტერიტორიაზე მოკლევადიანი მიზნით შემოსვლისა და მოგზაურობის ყველაზე მარტივი გზაა. ელექტრონული ვიზის პორტალის მეშვეობით სავიზო განაცხადის შევსების პროცესში ამავე სავიზო განაცხადში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე იგზავნება შეტყობინება ელექტრონული ფოსტის მისამართის შემდგომი დადასტურებისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით. ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინების დადასტურება უნდა განხორციელდეს შეტყობინების გაგზავნიდან 1 საათის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში სავიზო განაცხადი უქმდება. სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა განხორციელდეს ელექტრონულ ფოსტაზე მიღებული შეტყობინების დადასტურებიდან 5 საათის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში სავიზო განაცხადი უქმდება.
 
 
ელექტრონული განაცხადის რეგისტრაციის მეშვეობით წარდგენის მიზნით, თავდაპირველად ელექტრონული ფორმით უნდა შეივსოს  „საკონსულო მომსახურების მიღების ფორმის და დროის განსაზღვრის თაობაზე“ განაცხადი. ელექტრონული ვიზა პორტალისგან განსხვავებით ელექტრონული განაცხადის რეგისტრაციის მეშვეობით წარდგენის შემდგომ, ვიზის გამცემ ორგანოს ხელმოწერილი სავიზო განაცხადი და ვიზის გასაცემად საჭირო ყველა სხვა დოკუმენტი უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით, ვიზის გამცემ ორგანოში ან დოკუმენტების მიღებაზე უფლებამოსილ სხვა ორგანოში უშუალოდ წარდგენის გზით, ხოლო დიპლომატიური და სპეციალური ვიზების შემთხვევაში − ვიზის გამცემ ორგანოში უშუალოდ ან ფოსტის მეშვეობით წარდგენის გზით. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიებისა და საკონსულო დაწესებულების მისამართები იხილეთ აქ.
 
 
 
მიიღეთ საქართველოს მოკლევადიანი C კატეგორიის ვიზა გამარტივებული წესით საქართველოს საელჩოში ან საკონსულო დაწესებულებაში გამოცხადების გარეშე!
 
მიიღეთ საქართველოს ნებისმიერი კატეგორიის ვიზა  საქართველოს საელჩოს ან საკონსულო დაწესებულების მეშვეობით!
                               
გადაწვეტილების მიღების ვადები
 
უცხოელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და ვიზის გამცემი ორგანოს მიერ მოპოვებული მასალის საფუძველზე, ვიზის გამცემი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ვიზის გაცემის ან ვიზის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე. ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება სავიზო განაცხადის წარდგენიდან:
 
  • მოკლევადიანი ვიზა -  10 კალენდარული დღის ვადაში 
  • მოკლევადიანი ვიზა  (e-VISA PORTAL-ის მეშვეობით) – 5 სამუშაო დღის ვადაში
  • გრძელვადიანი ვიზა – 30 კალენდარული დღის ვადაში
  • D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა – 10 კალენდარული დღის ვადაში
 
სახელმწიფო საზღვრის კვეთა საქართველოს ვიზით
 
უცხოელი რომელიც ფლობს შესაბამისი კატეგორიის ვიზას შეუძლია სახელმწიფო სასაზღვრო გამტარი პუნქტზე (საერთაშორისო მიმოსვლისათვის ნებადართული გზატკეცილი ან გზის მონაკვეთი, რკინიგზის სადგურის, პორტის, ნავსადგურის, აეროპორტის) წარადგინოს მოქმედი ვიზა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ნებართვის შემთხვევაში შემოვიდეს, იმყოფებოდეს  ან ტრანზიტით გაიაროს საქართველოს ტერიტორიაზე.
ვიზა არ არის საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის გარანტია, ვიზა არის ნებართვა, რომელიც გაიცემა სამგზავრო დოკუმენტში ვიზის ბლანკის დატანით ან ელექტრონულად და რომელიც საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლის ან საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის ფაქტის არარსებობის შემთხვევაში ადასტურებს უცხოელის უფლებას, შემოვიდეს ან/და იმყოფებოდეს საქართველოში ან ტრანზიტით გაიაროს საქართველოს ტერიტორია. სახელწიფო საზღვრის კვეთა, უცხოელთა ინსპექტირება, მიგრაციისა და უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონმდებლობით  გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესრულებას უზრუნველყოფს შსს სასაზღვრო პოლიცია.
 
საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების პროცედურები
 
*D3 კატეგორიის ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების უფლება აქვთ საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში კვლევის ჩატარების მიზნით მომავალ პირებსა და საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში საქართველოში სასწავლებლად მომავალ პირებს, თუ საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების საფუძველი არ მიუთითებს უცხოელის საქართველოში 3 თვეზე მეტი ვადით დარჩენის შესაძლებლობას. საქართველოში მყოფი უცხოელი უფლებამოსილია მოითხოვოს საქართველოს მოკლევადიანი დიპლომატიური და სპეციალური ვიზების, აგრეთვე *D3 კატეგორიის და *D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელება, თუ აკმაყოფილებს შესაბამისი ვიზის გაცემის პირობებს. D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელებისას უცხოელი თავისუფლდება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების ხელახალი შეფასების წარდგენის ვალდებულებისგან.
საქართველოს დიპლომატიური და სპეციალური ვიზების მოქმედების ვადის გასაგრძელებლად საჭირო დოკუმენტაციის მიღებას უზრუნველყოფს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. *D3 კატეგორიის და *D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გასაგრძელებლად საჭირო დოკუმენტაციის მიღებას უზრუნველყოფენ იუსტიციის სახლი/სააგენტო ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 
 
გასაჩივრების წესი და  პროცედურები
 
ვიზის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილება ვიზის გაცემაზე/გაგრძელებაზე უარის თქმის, ასევე ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტის თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს ამ მუხლით დადგენილი წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საჩივარი და მასზე დართული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. უცხო ენაზე შედგენილი საჩივარი და მასზე დართული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად. სამგზავრო დოკუმენტი, რომელიც შეიცავს პირის პერსონალურ მონაცემებს ლათინური ტრანსლიტერაციით, შეიძლება წარდგენილი იქნეს თარგმანის გარეშე. 
 
საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილი პირები არიან:
  • ვიზის მიღების მსურველი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი;
  • არასრულწლოვანი ან მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი ვიზის მიღების მსურველი პირის ერთ-ერთი მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი;
  • ვიზის მიღების მსურველი პირის წარმომადგენელი − კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული მინდობილობის მქონე პირი.
 
სამინისტროს/საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საერთო სასამართლოებში, გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან ერთი თვის ვადაში.
  
სასარგებლო ბმულები და დოკუმენტები

 

 
სავიზო რუქა
 
მოწვევის ფორმა
 
საელჩოების მისამართები
 
ვიზის ელ.რეესტრი
 
გასაჩივრების პროცედურები
 
 
 
 
 
 
უვიზო ქვეყნების ჩამონათვალი
 
უვიზოდ შემოსვლის
 სხვა გარემოებები
 
სავიზო
მოსაკრებელი
 
მგზავრობის მიზნის
დადასტურება
 
დღეების
კალკულატორი