ბულგარეთის რესპუბლიკაში გასამგზავრებლად, საზღვარზე უნდა წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:

 

ტურისტულად გამგზავრების შემთხვევაში

  • მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი - პასპორტის მოქმედების ვადა მინიმუმ 3 თვით უნდა აღემატებოდეს თქვენ მიერ დაგეგმილ მოგზაურობას;
  • დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი;
  • სასტუმროს ან სხვა საცხოვრებელი ადგილის მოქმედი ჯავშანი;
  • სამოგზაურო დაზღვევა;
  • დღიური მინიმალური თანხა: 50 ევრო (ან მისი ექვივალენტი ბულგარულ ლევში)

სახმელეთო ან საზღვაო გზით, საკუთარი ავტოსატრანსპორტო საშუალებით ქვეყანაში შემოსვლის შემთხვევაში მინიმუმ 200 ევრო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირს გააჩნია უკან დასაბრუნებელი ბილეთი.

ფინანსური სახსრების საკმარისობის შეფასება შეიძლება მოხდეს ნაღდი ფულის, სამგზავრო ჩეკების და საკრედიტო ბარათების მეშვეობით. მასპინძელი მხარის მიერ მოწვეულის ქვეყანაში ყოფნის ფინანსური უზრუნველყოფის შემთხვევაში, აღნიშნულის დოკუმენტური დასაბუთება (მომწვევის დეკლარაცია ან შესაბამისი წერილი) შეიძლება გამოყენებულ იქნას ფინანსური სახსრების საკმარისობის დასასაბუთებლად.

ნათესავების, მეგობრების ან ახლობლების მონახულების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად დამატებით უნდა იქონიოთ:

  • მოწვევის წერილი:  პირადი მიზნებისთვის მოგზაურობა შესაძლოა დადასტურდეს მასპინძლის მოწვევის წერილით

კონფერენციებში, სემინარებში, საქმიან შეხვედრებში მონაწილოების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში, ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად დამატებით უნდა იქონიოთ:

  • ღონისძიების/კონფერენციის, სემინარის მოწვევა/პროგრამა, რომელშიც მონაწილეობთ;

 

სამედიცინო სერვისებით სარგებლობის, მოკლევადიანი სამკურნალო კურსის/ოპერაციის მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად დამატებით უნდა იქონიოთ:

  • იმ სამედიცინო დაწესებულების თანხმობა, რომელშიც გეგმავთ მკურნალობას ან/და საქართველოს სამედიცინო დაწესებულების რეკომენდაცია, ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა ევროკავშირის წევრ-ქვეყანაში;.
  • სამედიცინო დაზღვევა მგზავრობის მთელი პერიოდისთვის;

მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება ნაღდი ფულით, მოქმედი ელექტრონული ბარათით ან გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით.