ესპანეთის სამეფოში გასამგზავრებლად, საზღვარზე უნდა წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:

 

ტურისტულად გამგზავრების შემთხვევაში

  • მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი - პასპორტის მოქმედების ვადა მინიმუმ 3 თვით უნდა აღემატებოდეს თქვენ მიერ დაგეგმილ მოგზაურობას;
  • დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი;
  • სასტუმროს ან სხვა საცხოვრებელი ადგილის მოქმედი ჯავშანი;
  • სამოგზაურო დაზღვევა;
  • დღიური მინიმალური თანხა: დღიური მინიმალური თანხა ერთ ადამიანზე შეადგენს 95 ევროს. ხოლო სავალდებულო მინიმალური თანხა რომელიც პირმა თან უნდა იქონიოს შეადგენს 855 ევროს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში.

მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება შესაძლებელია თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფულით, სერტიფიცირებული ჩეკების, სამგზავრო ჩეკების, მოქმედი საგადასახადო ბარათების ან საკრედიტო ბარათების წარდგენის გზით. ზემოთ ჩამოთვლილს თან უნდა ერთოდეს საბანკო ანგარიშის ამონაწერი ან გააქტიურებული საბანკო წიგნაკი (არ მიიღება საბანკო ოფისების მიერ გაცემული წერილები, არც ინტერნეტიდან ამოღებული საბანკო ამონაწერები).

ნათესავების, მეგობრების ან ახლობლების მონახულების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად დამატებით უნდა იქონიოთ:

  • მოწვევის წერილი:  მოქალაქეს მოწვევის წერილის წარდგენა შეიძლება ეთხოვოს იმ შემთხვევაში თუ მგზავრი ვერ წარადგენს სასტუმროს ან სხვა საცხოვრებელი ადგილის მოქმედი ჯავშნის დამადასტურებელ დოკუმენტს. სხვა შემთხვევაში მოწვევის წერილი არ განეკუთვნება სავალდებულო დოკუმენტთა სიას.

მომწვევმა პირმა, მოწვევის წერილი უნდა გააფორმოს ეროვნული პოლიციის შესაბამის კომისარიატში (საცხოვრებლის მიხედვით). მოწვევის წერილი საზღვარზე წარდგენილი უნდა იქნეს ორიგინალის ფორმით.

 

კონფერენციებში, სემინარებში, საქმიან შეხვედრებში მონაწილოების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში, ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად დამატებით უნდა იქონიოთ:

  • ღონისძიების/კონფერენციის, სემინარის მოწვევა/პროგრამა, რომელშიც მონაწილეობთ;

 

სამედიცინო სერვისებით სარგებლობის, მოკლევადიანი სამკურნალო კურსის/ოპერაციის მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად დამატებით უნდა იქონიოთ:

  • იმ სამედიცინო დაწესებულების თანხმობა, რომელშიც გეგმავთ მკურნალობას ან/და საქართველოს სამედიცინო დაწესებულების რეკომენდაცია, ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა ევროკავშირის წევრ-ქვეყანაში;.
  • სამედიცინო დაზღვევა მგზავრობის მთელი პერიოდისთვის;

მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება ნაღდი ფულით, მოქმედი ელექტრონული ბარათით ან გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით.