იტალიის რესპუბლიკაში გასამგზავრებლად, საზღვარზე უნდა წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:

 

ტურისტულად გამგზავრების შემთხვევაში

  • მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი - პასპორტის მოქმედების ვადა მინიმუმ 3 თვით უნდა აღემატებოდეს თქვენ მიერ დაგეგმილ მოგზაურობას;
  • დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი;
  • სასტუმროს ან სხვა საცხოვრებელი ადგილის მოქმედი ჯავშანი;
  • სამოგზაურო დაზღვევა;
  • დღიური მინიმალური თანხა: 50 ევრო

მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება უნდა მოხდეს ნაღდი ფულის მეშვეობით

ნათესავების, მეგობრების ან ახლობლების მონახულების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად დამატებით უნდა იქონიოთ:

  • მოწვევის წერილი:  მოქალაქეს მოწვევის წერილის წარდგენა შეიძლება ეთხოვოს იმ შემთხვევაში, თუ მგზავრი ვერ წარადგენს სასტუმროს, ან სხვა საცხოვრებელი ადგილის მოქმედი ჯავშნის დამადასტურებელ დოკუმენტს (მაგ. ნათესავთან ან მეგობართან ცხოვრების შემთხვევაში). სხვა შემთხვევაში მოწვევის წერილი არ განეკუთვნება სავალდებულო დოკუმენტთა სიას. იტალიის რესპუბლიკაში დადგენილი წესით მოწვევის წერილის ფორმა მომწვევმა პირმა უნდა ჩამოტვირთოს შემდეგი ბმულიდან: https://vistoperitalia.esteri.it/Moduli/it/DICHIARAZIONEALLOGGIOGARANZIA.PDF

შეავსოს და დაამოწმოს საცხოვრებლის მიხედვით შესაბამის მერიის სამსახურში (კომუნე). მოწვევის წერილი საზღვარზე შეიძლება წარდგენილი იქნეს როგორც დედნის, აგრეთვე ელექტრონული ან მატერიალური ასლის ფორმით.

 

კონფერენციებში, სემინარებში, საქმიან შეხვედრებში მონაწილოების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში, ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად დამატებით უნდა იქონიოთ:

  • ღონისძიების/კონფერენციის, სემინარის მოწვევა/პროგრამა, რომელშიც მონაწილეობთ;

 

სამედიცინო სერვისებით სარგებლობის, მოკლევადიანი სამკურნალო კურსის/ოპერაციის მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად დამატებით უნდა იქონიოთ:

  • იმ სამედიცინო დაწესებულების თანხმობა, რომელშიც გეგმავთ მკურნალობას ან/და საქართველოს სამედიცინო დაწესებულების რეკომენდაცია, ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა ევროკავშირის წევრ-ქვეყანაში;.
  • სამედიცინო დაზღვევა მგზავრობის მთელი პერიოდისთვის;
  • მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება ნაღდი ფულით, მოქმედი ელექტრონული ბარათით ან გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით.