ნორვეგიის სამეფოში გასამგზავრებლად, საზღვარზე უნდა წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:

 

ტურისტულად გამგზავრების შემთხვევაში

  • მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი - პასპორტის მოქმედების ვადა მინიმუმ 3 თვით უნდა აღემატებოდეს თქვენ მიერ დაგეგმილ მოგზაურობას;
  • დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი;
  • სასტუმროს ან სხვა საცხოვრებელი ადგილის მოქმედი ჯავშანი;
  • სამოგზაურო დაზღვევა;
  • დღიური მინიმალური თანხა: დღიური თანხა ერთ ადამიანზე შეადგენს 500 ნორვეგიულ კრონს (NOK).

 

მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება შესაძლებელია ნაღდი ფულით, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათით, წინასწარ გადახდილი საცხოვრებლისა და ტრანსპორტის საფასურის დამადასტურებელი დოკუმენტაციით ან მასპინძლის საგარანტიო წერილით.

 

ნათესავების, მეგობრების ან ახლობლების მონახულების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად დამატებით უნდა იქონიოთ:

  • მოწვევის წერილი:  მოწვევის წერილი არ განეკუთვნება სავალდებულო დოკუმენტთა სიას. იმ შემთხვევაში, თუ პირს არ აქვს დღიური 500 ნორვეგიული კრონის დამადასტურებელი დოკუმენტი, მასპინძელ მხარეს (ეს შეიძლება იყოს ნორვეგიაში მცხოვრები ოჯახი/მეგობრები ან კომპანია) შეუძლია ფინანსური გარანტიის სპეციალური ფორმის შევსება https://www.udi.no/en/word-definitions/guarantee-for-applicants-visiting-on-a-visitors-visa-/#link-701 , რომელიც თან უნდა იქონიოს მგზავრმა და წარადგინოს დედანის ან ამობეჭდილი ასლის სახით. პანდემიის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ფინანსური გარანტიის ფორმას არ ესაჭიროება პოლიციის მხრიდან დამოწმება, გარანტორმა საგარანტიო ფორმას თან უნდა დაურთოს მხოლოდ საკუთარი ბინადრობის მოწმობა. აღნიშნული წარმოადგენს დროებით ცვლილებას.

 

კონფერენციებში, სემინარებში, საქმიან შეხვედრებში მონაწილოების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში, ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად დამატებით უნდა იქონიოთ:

  • ღონისძიების/კონფერენციის, სემინარის მოწვევა/პროგრამა, რომელშიც მონაწილეობთ;

 

სამედიცინო სერვისებით სარგებლობის, მოკლევადიანი სამკურნალო კურსის/ოპერაციის მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად დამატებით უნდა იქონიოთ:

  • იმ სამედიცინო დაწესებულების თანხმობა, რომელშიც გეგმავთ მკურნალობას ან/და საქართველოს სამედიცინო დაწესებულების რეკომენდაცია, ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა ევროკავშირის წევრ-ქვეყანაში;.
  • სამედიცინო დაზღვევა მგზავრობის მთელი პერიოდისთვის;
  • მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება ნაღდი ფულით, მოქმედი ელექტრონული ბარათით ან გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით.