საბერძნეთის რესპუბლიკაში გასამგზავრებლად, საზღვარზე უნდა წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:

 

ტურისტულად გამგზავრების შემთხვევაში

  • მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი - პასპორტის მოქმედების ვადა მინიმუმ 3 თვით უნდა აღემატებოდეს თქვენ მიერ დაგეგმილ მოგზაურობას;
  • დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი;
  • სასტუმროს ან სხვა საცხოვრებელი ადგილის მოქმედი ჯავშანი;
  • სამოგზაურო დაზღვევა;
  • დღიური მინიმალური თანხა:
  • თუ მოქალაქე ჩერდება 5 დღემდე ვადით, სავალდებულოა მინიმუმ 300 ევროს ოდენობით თანხის ფლობა.
  • თუ მოქალაქე რჩება შენგენის ტერიტორიაზე ხუთ დღეზე მეტი ვადით, მას დამატებით, თითოეულ დღეზე უნდა გააჩნდეს 50 ევროს ოდენობით თანხა.

მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება შესაძლებელია თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფულით, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათით, დაფინანსების შესახებ ცნობით ან მასპინძლის საგარანტიო წერილით.

ნათესავების, მეგობრების ან ახლობლების მონახულების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად დამატებით უნდა იქონიოთ:

  • მოწვევის წერილი:  საბერძნეთის ტერიტორიაზე შესვლისთვის არ არის სავალდებულო მოწვევა, თუმცა აუცილებელია, მოქალაქეს გააჩნდეს  სასტუმროს ჯავშანი, სადაც სასტუმროს ხარჯები მთლიანად იქნება წინასწარ დაფარული.

 

სხვა შემთხვევაში მას უნდა გააჩნდეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, მოქალაქეთა მომსახურეობის ცენტრის მიერ დამოწმებული საპასუხისმგებლო განცხადება (მოწვევა), სადაც მითითებული იქნება პერიოდი რომლის დროსაც, მიმწვევი საკუთარ თავზე იღებს მიწვეულის საცხოვრებლით და საკვებით უზრუნველყოფას და, აგრეთვე,საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დახმარების ხარჯების ანაზღაურებას.

 

 

კონფერენციებში, სემინარებში, საქმიან შეხვედრებში მონაწილოების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში, ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად დამატებით უნდა იქონიოთ:

  • ღონისძიების/კონფერენციის, სემინარის მოწვევა/პროგრამა, რომელშიც მონაწილეობთ;

 

სამედიცინო სერვისებით სარგებლობის, მოკლევადიანი სამკურნალო კურსის/ოპერაციის მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად დამატებით უნდა იქონიოთ:

  • იმ სამედიცინო დაწესებულების თანხმობა, რომელშიც გეგმავთ მკურნალობას ან/და საქართველოს სამედიცინო დაწესებულების რეკომენდაცია, ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა ევროკავშირის წევრ-ქვეყანაში;.
  • სამედიცინო დაზღვევა მგზავრობის მთელი პერიოდისთვის;

მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება ნაღდი ფულით, მოქმედი ელექტრონული ბარათით ან გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით.