ჩეხეთის რესპუბლიკაში გასამგზავრებლად, საზღვარზე უნდა წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:

 

ტურისტულად გამგზავრების შემთხვევაში

  • მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი - პასპორტის მოქმედების ვადა მინიმუმ 3 თვით უნდა აღემატებოდეს თქვენ მიერ დაგეგმილ მოგზაურობას;
  • დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი;
  • სასტუმროს ან სხვა საცხოვრებელი ადგილის მოქმედი ჯავშანი;
  • სამოგზაურო დაზღვევა;
  • დღიური მინიმალური თანხა:  

- 30 დღემდე ვიზიტების შემთხვევაში დღიური თანხა - 1245 ჩეხური კრონი (47,5 ევრო)

- 30 დღეზე ხანგრძლივი ვიზიტებისათვის ერთჯერადად 37 350 ჩეხური კრონი (1 425 ევრო), დამატებით კი, დაგეგმილი ვიზიტის ყოველი მომდევნო თვისათვის 4 980 ჩეხური კრონი (190 ევრო)

მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება შესაძლებელია თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფულით, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათით, დაფინანსების შესახებ ცნობით ან მასპინძლის საგარანტიო წერილით (პოლიციაში დამოწმებული ოფიციალური მოწვევის ფლობის შემთხვევაში).

ნათესავების, მეგობრების ან ახლობლების მონახულების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად დამატებით უნდა იქონიოთ:

მოწვევის წერილი:  ჩეხეთში უცხოელის მოწვევა შესაძლებელია ორი გზით

ა) არაფორმალური მოწვევის წერილი

წერილში უნდა მიეთითოს უცხოელის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პასპორტის ნომერი, ასევე, მისი მგზავრობის თარიღი და მიზანი. არაფორმალური მოწვევის წერილის წარდგენა შესაძლებელია როგორც ორიგინალი, ისე ასლის სახით. არაფორმალური მოწვევის წერილი ემსახურება მხოლოდ უცხოელის მგზავრობის მიზნის დადასტურებას.

 

ბ) ოფიციალური მოწვევის წერილი

ოფიციალური მოწვევის წერილის გაფორმების შემთხვევაში, კერძო ან იურიდიული პირი, თავის თავზე იღებს უცხოელის ჩეხეთის ტერიტორიაზე განთავსების ან/და ფინანსურ მხარდაჭერას. ოფიციალური მოწვევის წერილი უნდა დამოწმდეს ჩეხეთის პოლიციის საერთაშორისო განყოფილების მიერ.

ოფიციალური მოწვევის წერილი ადასტურებს უცხოელის მგზავრობის მიზანს, ასევე, განთავსების ან/და ფინანსური მხარდაჭერის მომწვევი პირის მიერ საკუთარ თავზე აღების პირობას. ოფიციალური მოწვევის შემთხვევაში, მომწვევმა პირმა უცხოელს უნდა მიაწოდოს მოწვევის წერილის ორიგინალი.

ოფიციალური მოწვევის წერილი უნდა შეივსოს:

  • ელექტრონულად (https://portal.gov.cz/formulare/epozvani), შემდგომ უნდა ამოიბეჭდოს და დამოწმდეს შესაბამის განყოფილებაში (Oddělení pobytových agend)
  • პირადად მომწვევი პირის მიერ ჩეხეთის პოლიციის შესაბამის განყოფილებაში (Oddělení pobytových agend)

ოფიციალური მოწვევის წერილი, შესაძლოა ასევე გამოყენებულ იქნას როგორც ჯანმრთელობის დაზღვევის შემცვლელი დოკუმენტი. შესაბამისად, მომწვევმა პირმა უნდა აანაზღაუროს უცხოელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ხარჯებიც.

 

კონფერენციებში, სემინარებში, საქმიან შეხვედრებში მონაწილოების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში, ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად დამატებით უნდა იქონიოთ:

  • ღონისძიების/კონფერენციის, სემინარის მოწვევა/პროგრამა, რომელშიც მონაწილეობთ;

 

სამედიცინო სერვისებით სარგებლობის, მოკლევადიანი სამკურნალო კურსის/ოპერაციის მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად დამატებით უნდა იქონიოთ:

  • იმ სამედიცინო დაწესებულების თანხმობა, რომელშიც გეგმავთ მკურნალობას ან/და საქართველოს სამედიცინო დაწესებულების რეკომენდაცია, ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა ევროკავშირის წევრ-ქვეყანაში;.
  • სამედიცინო დაზღვევა მგზავრობის მთელი პერიოდისთვის;
  • მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება ნაღდი ფულით, მოქმედი ელექტრონული ბარათით ან გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით.