ხშირად დასმული კითხვები

 

  1. რას გულისხმობს ,,საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ კანონში ცვლილება?

უვიზო რეჟიმის ეფექტიანი განხორციელების უზრუნველსაყოფად, ევროკავშირის ექსპერტების ჩართულობით, განხორციელდა ცვლილება ,,საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ კანონში. აღნიშნული ცვლილების თანახმად, შენგენის რეგულაციით გათვალისწინებული საბუთები დამატებით საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტზეც შემოწმდება. საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მიემგზავრება ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყანაში, შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე  თუ მას ეკრძალება ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში შესვლა ან ვერ წარადგენს კანონით გათვალიწინებული საბუთებს, რომელიც ასევე, დადგენილია შენგენის რეგულაციით.

 

  1. თავისუფლდება თუ არა საქართველოს მოქალაქე შენგენის რეგულაციით გათვალისწინებული საბუთების წარმოდგენის ვალდებულებისგან დანიშნულების  ქვეყანაში საპასპორტო კონტროლისას?

ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შესვლისას ნებისმიერი მოქალაქე კვლავ გადის სასაზღვრო კონტროლს. საქართველოს მოქალაქე ადგილობრივი მესაზღვრის მოთხოვნის შესაბამისად, წარადგენს უვიზოდ მიმოსვლით სარგებლობისთვის შენგენის რეგულაციის გათვალისწინებულ საბუთებს მოგზაურობის მიზნობრიობის დასადასტურებლად. საბოლოო გადაწყვეტილება შესაბამის ქვეყანაში მოქალაქის შესვლის თაობაზე მიიღება მესაზღვრე ოფიცრის მიერ.

 

  1. როდიდან შედის ცვლილება ძალაში?

,,საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ კანონში ცვლილება ძალაშია 2021 წლის 1 იანვრიდან.

 

  1. რა დოკუმენტები უნდა იქონიოს თან ევროკავშირის/შენგენის ქვეყანაში მიმავალმა საქართველოს მოქალაქემ, როგორც საქართველოს საზღვრის კვეთისას, ასევე, დანიშნულების ქვეყანაში საპასპორტო კონტროლისას წარსადგენად?
  • ბოლო 10 წლის განმავლობაში გაცემული ბიომეტრიული პასპორტი, რომლის მოქმედების ვადაც ევროკავშირის ტერიტორიის/შენგენის ზონის დატოვების დღისთვის არანაკლებ 3 თვეა;
  • ვარგისი უკან დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი ან ასეთი სამგზავრო ბილეთის მოქმედი ჯავშნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სასტუმროს ან სხვა საცხოვრებელი ადგილის მოქმედი ჯავშნის დამადასტურებელი დოკუმენტი; ამ სასტუმროში/საცხოვრებელ ადგილზე ცხოვრების უფლების დამადასტურებელი სხვა სათანადო დოკუმენტი ან მასნპინძლის თანხმობა თავის საცხოვრებელ ადგილას საქართველოს მოქალაქის განთავსებაზე, აგრეთვე, ინფორმაცია აღნიშნული საცხოვრებლის მისამართის შესახებ;
  • ჯანმრთელობის სამოგზაურო დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის საშუალება ან მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი.

კონფერენციებში, სემინარებში, საქმიან შეხვედრებში მონაწილოების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში, ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად რეკომენდებულია მგზავრმა თან იქონიოს  ღონისძიების/კონფერენციის/სემინარის მოწვევა/პროგრამა.

სამედიცინო სერვისებით სარგებლობის, მოკლევადიანი სამკურნალო კურსის/ოპერაციის მიზნით მგზავრობის შემთხვევაში, ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად სასურველია მგზავრმა თან იქონიოს:

  • იმ სამედიცინო დაწესებულების თანხმობა, რომელშიც დაგეგმილია მკურნალობა ან/და საქართველოს სამედიცინო დაწესებულების რეკომენდაცია, შესაბამისი მკურნალობის ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყანაში ჩატარების შესახებ;
  • მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება ნაღდი ფულით, მგზავრის მოქმედი ელექტრონული ბარათით ან გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით.

 

  1. რას გულისხმობს ახალი რეგულაციით შემოწმება საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტზე?

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურე საპასპორტო კონტროლის განხორციელებისას შეისწავლის საქართველოდან გასვლის დამაბრკოლებელი გარემოებს და ამ მიზნით, ფასდება მგზავრის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები, მოწმდება მგზავრის მონაცემები სამინისტროს სისტემის მონაცემთა ბაზებში, საჭიროებისამებრ, ფასდება მგზავრის წარსულში ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია, მხედველობაში მიიღება შს მინისტრის  2020 წლის 21 დეკემბრის №176 ბრძანებით განსაზღვრული გარემოებები:

  • პირის ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში მგზავრობის/მოგზაურობის ისტორია;
  • მგზავრობის მიზანი, მათ შორის, როგორიცაა, მივლინება, გადაუდებელი სამედიცინო საჭიროება;
  • ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს პირის მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის ხელშემწყობ გარემოებაზე.

და რისკფაქტორები:

  • პირის მიერ ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში კანონიერად ყოფნის ვადის დარღვევის ფაქტ(ებ)ი;
  • პირისათვის საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე უარის თქმის შესახებ წინათ მიღებული გადაწყვეტილება და უარის თქმის საფუძველი (მიზეზი);
  • ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში შესვლაზე უარი;
  • პირის მიერ შეცვლილი საიდენტიფიკაციო მონაცემებით (სახელი/გვარი) ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია;
  • ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს პირის მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის დამაბრკოლებელ გარემოებაზე.

აღნიშნული შემოწმება ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის (შემდგომ - დეპარტამენტი) მოსამსახურის მიერ,  საპასპორტო კონტროლის განხორციელებისას. ხოლო აეროპორტებში, შემოწმება შესაძლოა განხორციელდეს წინასწარ, პირის მიერ საპასპორტო კონტროლის გასვლამდეც.

 

  1. რა ხდება თუ მოქალაქე მიემგზავრება ტრანზიტით?

წესი ვრცელდება ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში გამგზავრების მსურველ საქართველოს იმ მოქალაქეზე, რომელიც სარგებლობს უვიზო მიმოსვლის რეჟიმით და ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში მიემგზავრება როგორც პირდაპირ, ისე მე-3 ქვეყანაში ტრანზიტით გავლის გზით და აღნიშნული ცნობილია სამინისტროს მოსამსახურისათვის.

 

  1. რა შეიძლება იყოს საცხოვრებლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია?

საცხოვრებლის დამდასტურებელი დოკუმენტაცია შეიძლება იყოს, მაგალითად:

 

  • სასტუმროს ან სხვა საცხოვრებელი ადგილის მოქმედი ჯავშნის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია მისამართი და ტელეფონის ნომერი, განთავსების პერიოდი და მგზავრის სახელი/გვარი;
  • სასტუმროში/საცხოვრებელ ადგილზე ცხოვრების უფლების დამადასტურებელი სხვა სათანადო დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია მისამართი და ტელეფონის ნომერი, განთავსების პერიოდი და მგზავრის სახელი/გვარი;
  • მასნპინძლის თანხმობა თავის საცხოვრებელ ადგილას საქართველოს მოქალაქის განთავსებაზე, სადაც მითითებულია საცხოვრებლის მისამართი და მასპინძლის მონაცემები, მისი ლეგალური ყოფნის დამდასტურებელი დოკუმენტი.
  • ევროკავშირის ტერიტორიაზე/შენგენის ზონაში კანონიერად მცხოვრები მასპინძლის ოფიციალური თანხმობა (წევრი სახელმწიფოს მიერ ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში) თავის საცხოვრებელ ადგილას საქართველოს მოქალაქის განთავსებაზე (ე.წ. მოწვევის წერილი), რომელიც შესრულებული უნდა იყოს მესაზღვრე-კონტროლიორისთვის გასაგებ ენაზე, ქართულ ან ინგლისურ ენაზე.  იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტი შესრულებულია ევროკავშირის/შენგენის წევრი სახელმწიფოს სხვა ენაზე, სავალდებულოა მისი თარგმნა და თარგმანის ნოტარიულად დამოწმება.
  • წერილის ფორმა და სტანდარტი განსხვავებულია ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნების მიხედვით და იცვლება პერიოდულად. დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია: https://www.geoconsul.gov.ge/ka/schengen 

 

  1. რა შეიძლება იყოს მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება?

მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურებისას მხედველობაში მიიღება გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქის მიერ საბანკო ანგარიშებზე გამგზავრების დღის მონაცემებით ხელმისაწვდომი თანხის არსებობის დამადასტურებელ ელექტრონული ან/და ბეჭდვითი დოკუმენტი, აგრეთვე ნაღდი ფულის სახით მგზავრის ხელთ არსებული/წარმოდგენილი თანხა. პირის მიერ წარმოდგენილი ფინანსური უზრუნველყოფა უნდა შეესაბამებოდეს მგზავრობის დანიშნულების ქვეყნის მიერ მოთხოვნილ ოდენობას, გამგზავრების დღისათვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (https://www.geoconsul.gov.ge/ka/schengen) არსებული ინფორმაციის შესაბამისად.

 

  1. რა ოდენობის თანხა უნდა იქონიოს თან მგზავრმა?

ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნების მიერ ინდივიდუალურად განისაზღვრება ფინანსური უზრუნველყოფისთვის საჭირო რაოდენობის თანხა. ევროკავშირის/შენგენის სივრცეში ცალკეული ქვეყნის საჭირო თანხის დღიური ოდენობის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამგზავრების დღისათვის იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://www.geoconsul.gov.ge/ka/schengen

 

  1. რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სამოგზაურო დაზღვევა?

სამოგზაურო დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი სრულად უნდა შეესაბამებოდეს ზემოაღნიშნული დოკუმენტის მიმართ ევროკავშირის ტერიტორიაზე/შენგენის ზონაში არსებულ რეგულაციებს, მათ შორის, დოკუმენტის მოქმედების ვადასა და სადაზღვევო თანხის ოდენობასთან დაკავშირებით:

  • მინიმუმ 30 000 ევროს (ან მისი ექვივალენტის 34 000 აშშ დოლარის) ანაზღაურება;
  • უნდა მოიცავდეს შენგენის სივრცის ყველა ქვეყანას;
  • უნდა ფარავდეს ყველა ხარჯს რომელიც დაკავშირებულია სამედიცინო მიზეზებით რეპატრიაციასთან, გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას და/ან გადაუდებელ ჰოსპიტალურ მკურნალობას ან გარდაცვალებას..

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ: https://www.geoconsul.gov.ge/ka/schengen

 

  1.  როგორ დასტურდება საქართველოს მოქალაქისთვის ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში შესვლის აკრძალვა?

ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში შესვლის აკრძალვა უნდა დასტურდებოდეს მათ შორის, სამინისტროს სისტემაში არსებულ მონაცემთა ბაზებში დაცული ან/და საზღვრის კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილი სახელმწიფო ან საერთაშორისო ორგანოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით.

 

  1. როგორ ხდება საქართველოს მოქალაქისთვის სახელმწიფო საზღვრის კვეთაზე უარის თქმა?

თუ შესაბამისი შემოწმების შედეგად გამოვლინდა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის კანონმდებლობით განსაზღვრული რომელიმე დამაბრკოლებელი გარემოება, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურე იღებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებას.

დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში მიეთითება საქართველოდან გასვლაზე უარის თქმის კონკრეტული საფუძველი. გადაწყვეტილების 1 ეგზემპლარი გადაეცემა პირს, რომელსაც უარი ეთქვა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე, ხოლო 1 ეგზემპლარი რჩება დეპარტამენტში.

დეპარტამენტის მოსამსახურე ახორციელებს პირისათვის საქართველოდან გასვლაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ჩაბარებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების წესის განმარტების პროცესის ვიდეოგადაღებას ფორმის ტანსაცმელზე დამაგრებული სამხრე ვიდეოკამერის მეშვეობით.

 

  1. როგორია გასაჩივრების პროცედურა?

გადაწყვეტილება საქართველოდან გასვლის მსურველ პირს შეუძლია გაასაჩივროს აქტის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში. საჩივარს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო იხილავს 30  დღის ვადაში, რომელიც საჩივრის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 30 დღისა.

 

  1. რა შეზღუდვები მოქმედებს ევროკავშირის/შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში COVID-19-ის ფარგლებში?

არსებული შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომია: https://geoconsul.gov.ge/ka/newsFeed/nId/185