არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

 

 ზოგადი ინფორმაცია

 

2022 წლის 26 თებერვლიდან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიმავალმა ნებისმიერმა მგზავრმა უნდა დააკმყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:

  • ვაქცინირებულმა მგზავრმა საზღვარზე უნდა წარადგინოს COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი QR კოდით. ასეთ პირებს არ მოეთხოვებათ RT-PCR  ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა;
  •  არავაქცინირებულმა მგზავრმა უნდა წარადგინოს უკანასკნელი 48 საათის განმავლობაში ჩატარებული RT-PCR ტესტის უარყოფითი პასუხი QR კოდით ან უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში გაცემული გამოჯანმრთელების დამადასტურებელი ცნობა, ასევე QR კოდით.

 

მოგზაურობა დუბაიში (ძალაშია 2022 წლის 19 მაისიდან)

 

მგზავრებმა, რომლებიც მიემგზავრებიან დუბაიში ნებისმიერი ქვეყნიდან, მათ შორის ყურის თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნებიდან (GCC), უნდა შეასრულონ ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნა:

  • წარმოადგინონ მოქმედი COVID-19 ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, ​​რომ მგზავრი სრულად არის ვაქცინირებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ან არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ დამტკიცებული ვაქცინით. სერტიფიკატი უნდა შეიცავდეს QR კოდს.
  • წარმოადგინონ COVID-19-ზე უარყოფითი ტესტის პასუხი, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს მოლეკულურ დიაგნოსტიკურ ტესტს, რომელიც განკუთვნილია SARS-COV-2 ვირუსული რნმ-ის ნუკლეინის მჟავის ხარისხობრივი გამოვლენისთვის. სერტიფიკატი უნდა გაიცეს 48 საათის განმავლობაში ნიმუშის შეგროვების მომენტიდან ჯანდაცვის სერვისის პროვაიდერის მიერ და უნდა შეიცავდეს QR კოდს.
  • წარმოადგინონ უკანასკნელი 1 თვის განმავლობაში გაცემული გამოჯანმრთელების დამადასტურებელი სერტიფიკატი QR კოდით.  

 

თუ მგზავრი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიემგზავრება ინდოეთიდან, პაკისტანიდან, ნიგერიიდან, ბანგლადეშიდან ან ეგვიპტიდან, PCR ტესტი უნდა ჩაიტაროს შემდეგ ბმულზე ჩამოთვლილ ლაბორატორიათაგან ერთ-ერთში.

 

COVID-19-ზე ტესტირების პასუხის წარმოდგენისგან თავისუფლდებიან:

  • 12 წლამდე ასაკის ბავშვები;
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.

 

დუბაიში ტრანზიტულ მგზავრებს არ მოეთხოვებათ COVID-19-ზე RT-PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა, თუ ეს არ არის დადგენილი მათი საბოლოო დანიშნულების ქვეყნის რეგულაციების თანახმად.

მგზავრებმა, რომლებსაც Dubai Connect/Stopover პაკეტი აქვთ შეძენილი, უნდა დაიცვან იგივე მოთხოვნები, რაც დუბაიში შესვლაზეა დაწესებული. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

 

მოგზაურობა აბუ-დაბიში

 

აბუ-დაბიში მოგზაურობისას COVID-19-ზე RT-PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენა არაა სავალდებულო შემდეგი კატეგორიის მგზავრებისთვის:

  • სრულად ვაქცინირებული პირებისთვის;
  • 16 წლამდე ასაკის პირებისთვის;
  • პირებისთვის, ვინც ფლობს უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში გაცემული გამოჯანმრთელების დამადასტურებელ სერტიფიკატს, QR კოდით.
  •  

აბუ დაბიში ჩამსვლელი მგზავრებისთვის გაუქმებულია კარანტინი/თვითიზოლაციის მოთხოვნა.

 

მგზავრმა უნდა წარმოადგინოს აბუ-დაბიში გაფრენამდე 48 საათით ადრე ჩატარებული COVID-19-ზე RT-PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, თუ:

  • პირი არ არის სრულად ვაქცინირებული და არ ფლობს გამოჯანმრთელების დამადასტურებელ სერტიფიკატს;
  • პირი ტრანზიტით იმყოფება აბუ-დაბიში და ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა დადგენილია მისი საბოლოო დანიშნულების ქვეყნის რეგულაციების თანახმად.

აბუ-დაბიში შესვლისას, აეროპორტში სავალდებულო PCR ტესტირება აღარ ტარდება. თუმცა, მგზავრს შეუძლია ტესტი საკუთარი სურვილით ჩაიტაროს, რათა Al Hosn აპლიკაციაში მიენიჭოს "მწვანე სტატუსი" და დაუბრკოლებლად შეძლოს საჯარო დაწესებულებებში შესვლა. ტესტის ღირებულებაა 40 AED ( დაახლოებით 30 ლარი).

 

დეტალურად რეგულაციების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

 


 დამატებითი ინფორმაცია

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

 

ოფიციალური სამთავრობო პორტალი

დუბაის სახელმწიფო ავიაკომპანია

აბუ-დაბის ტურიზმის დეპარტამენტი


 ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო) მოთხოვნები.

სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

 

  განახლებულია 18.08.2022