გასაჩივრების წესი

ვიზის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილება ვიზის გაცემაზე/გაგრძელებაზე უარის თქმის, ასევე ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტის თაობაზე საჩივრდება საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილი პირის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გაცნობის დღიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. 

საჩივარი და მასზე დართული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. უცხო ენაზე შედგენილი საჩივარი და მასზე დართული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად. სამგზავრო დოკუმენტი, რომელიც შეიცავს პირის პერსონალურ მონაცემებს ლათინური ტრანსლიტერაციით, შეიძლება წარდგენილი იქნეს თარგმანის გარეშე. 

სამინისტროსა და წარმომადგენლობის გადაწყვეტილება ვიზის გაცემაზე უარის თქმის ან ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტის თაობაზე, ასევე სამინისტროს გადაწყვეტილება ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის თაობაზე საჩივრდება სამინისტროში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ვიზის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე ან საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გაცემული ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტის თაობაზე საჩივრდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილი პირი:

  • ვიზის მიღების მსურველი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი;
  • არასრულწლოვანი ან მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი ვიზის მიღების მსურველი პირის ერთ-ერთი მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი;
  • ვიზის მიღების მსურველი პირის წარმომადგენელი − კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული მინდობილობის მქონე პირი.

სამინისტროს/საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საერთო სასამართლოებში, გადაწყვეტილების გაცნობიდან, ერთი თვის ვადაში.

 

ჩამოტვირთეთ საჩივრის ფორმა